იტვირთება

ლექსი „ვაჰ, დრონი, დრონი“ ალექსანდრე ჭავჭავაძის კალამს ეკუთვნის. პოეტი XIX საუკუნეში მოღვაწეობდა და იგი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. ლექსი პატრიოტული ხასიათისაა. მისი სათაური რომანტიზმის გამოძახილია. „ვაჰ“ უკმაყოფილებას გამოხატავს, „დრონი“ კი გამოსავლის განვლილ დროში ძიებაზე მიგვანიშნებს.

ლექსი პოეტის პატრიოტიზმის გამოხატულებაა. მოყვასში ის ალეგორიულად სამშობლოს გულისხმობს. “ვაჰ, დრონი, დრონი” ალექსანდრე ჭავჭავაძემ 1805-06 წლებში ტამბოვში პირველი გადასახლების დროს დაწერა. ძნელი წარმოსადგენი არაა თუ რას უნდა გრძნობდეს სამშობლოსათვის მებრძოლი, თუმცა დამარცხებული ადამიანი. მარცხის განცდის გარდა, ის წუხს იმის გამო, რომ სამშობლოსაა მოწყვეტილი და ამას სასიცოცხლო ძალის დაკარგასთან აიგივებს:

,,მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას,
არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად?“

პოეტი მტკიცე ერთგულებას აღუთქვამს სამშობლოს. დროთა და გარემოებათა ცვლის მიუხედავად, უცვლელად, იგივე ადამიანად დარჩენის პირობა მთელ ლექსს გასდევს:

„მე იგივე ვარ მარად და მარად“

მიუხედავად იმისა, რომ პოეტი მოწმეა საკუთარი სამშობლოს აუტანელი მდგომარეობისა და ამავდროულად იმდენადაა მოშორებული მას, რომ არაფრის გაკეთება შეუძლია, ალექსანდრე ჭავჭავაძე მიიჩნევს, რომ სასოწარკვეთას სიკვდილიც კი სჯობს და მომავლის იმედს არ კარგავს:

„უსასოდ ყოფას სჯობს ყოფა მკვდარად...“

სად უნდა ეძიო მომავლის იმედი თუ არა წარსულში? იმ წარსულში, რომელიც სიზმარივით ჩქარა გაქრა, თუმცა თავისი გემო სამარადჟამოდ ჩაბეჭდა ყოველი ქართველის გონებასა და გულში. ქართველი რომანტიკოსების მსგავსად, ალექსანდრე ჭავჭავაძეც წარსულში, შუა საუკუნეების ოქროს ხანისა და საქართველოს ისტორიის სხვა დიდებული ფურცლებისკენ მიმართავს მზერას.

ლექსს ჭავჭავაძე რიტორიკული შეკითხვით აბოლოებს: „ჰსაჯეთ, პყრობილმან უწყისა ტრფობა?“. რომელსაც პასუხი თავად მკითხველმა უნდა გასცეს. შეძლებს თუ არა პყრობილი საბოლოოდ დაემონოს მპყრობელს თუ შეინარჩუნებს სიმტკიცეს, რის წინააღმდეგაც, პოეტის აზრით, მპყრობელი ვერას გახდება. დღევანდელი გადმოსახედიდან პასუხი ძალიან მარტივი გვეჩვენება, ისტორიამ ხომ ნათლად ცხადჰყო, რომ ქართველი ერი, მრავალი ნაკლის მიუხედავად, პყრობილის როლს მაინც ვერ ურიგდება და მისგან თავის დასაღწევად მუდამ იბრძვის, თუნდაც ეს ბრძოლა წლები, ათწლეულები ან თუნდაც მთელი საუკუნე გაგრძელდეს. თუმცა მაშინ, როდესაც შენი სამშობლო არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია და მისი მომავალი ბურუსითაა მოცული, მარტივი პასუხის ძიება ისეთი ფუფუნებაა, რომელიც არ გაგაჩნია.


დატოვეთ კომენტარი