იტვირთება

ლექსი „შემოღამება მთაწმინდაზე“ XIX საუკუნის ქართველ რომანტიკოს პოეტს, ნიკოლოზ ბარათაშვილს ეკუთვნის. ლექსი რამდენიმე ასპექტით განსხვავდება ტიპური რომანტიკული ნაწარმოებებისაგან. ის სრულად სწყდება ამქვეყნიურ სამყაროს, თუმცაღა ამ უკნასკნელს იყენებს სულიერი გრძნობების გადმოსაცემად. ლექსის გასაღები სწორედ ბუნება და მისი აღქმაა, რითიც პოეტი საკუთარი თავის შეცნობას ლამობს. სწორედ ამიტომ ლაპარაკობს იგი მისი გარემომცველი სამყაროს იდუმალებასა და გაუურკვევლობაზე, რაშიც საკუთარ თავს მოიაზრებს:

„ვითარი მაშინ იდუმალება დაისადგურებს შენს არემარეს!“

ბუნების ალეგორიულად გამოყენების მეორე მაგალითია მთაწმინდა. მთა, როგორც ქართულ ასევე მსოფლიო კულტურაში, სიწმინდის, სულიერად ამაღლების სიმბოლოა. მთაწმინდა კი ამ აზრს ერთი ორად უსვამს ხაზს. მთაწმინდაზე ამავალი პოეტი მის ზეცასთან დაახლოებას გამოხატავს, მისი ფიქრები ზეცისკენ მიისრაფვიან, თუმცა „ჰაერშივე განიფანტვიან“. პოეტი ვერ ახერხებს თავისი საწადელის მიღწევას, თუმცაღა იგი უარყოფს წუთისოფელს და ხაზს უსვამს მის ამაოებას. ამ აზრს ის შემდგომ შემოქმედებაში ამჯერად უკვე მტკვრის პირას ჩაფიქრებული გაიმეორებს. წუთისოფლის უარმყოფელი პოეტი, როგორც უკვე ავღნიშნე ზეცაში ეძებს ნუგეშსა და სამყოფელს. ის წერს:

„მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,“

ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსში მიმართავს მთას და მას უწოდებს „ხან მცინარს, ხან კი ცრემლიანს“. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი ამით საკუთარი მდგომარეობის გადმოცემას ცდილობს და თავის უბედურებაში საწუთროს ცვალებადობას აბრალებს.

ბარათაშვილი ლექსს ოპტიმისტურ ნოტაზე ასრულებს. ის ახსენებს ვარსკვლავს, რაც ღვთის იმედს გამოხატავს. და რამ უნდა შეცვალოს მთაწმინდის ღამე თუ არა მზიანმა, იმედისმომცემმა დილამ, ახალი, უკეთესი მომავლის იმედმა, რომელიც ყველა ნისლსა და გაურკვევლობას გაფანტავს.  


დატოვეთ კომენტარი