იტვირთება

რატომ ვსწავლობთ ისტორიას

ქართული - ესეები

ნახვები:

4833

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

შეცდომებზე სწავლა, საკუთარი იქნება ის თუ სხვისი, უკვე კარგად ნაცადი და მიღებული ხერხია. შეცდომების მეტს სხვაგან სად ნახავ, თუ არა ძველ მატიანეში. მეორე საკითხია თუ რამდენად წარმატებითაა შესაძლებელი მისი გამოყენება. ისტორიის ინტერპრეტირება ყოველთვის რთულია, იქიდან სათანადო დასკვნების გამოტანა კი მეტად სუბიექტური.


სანამ კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდოდეთ, დავიწყებ იმით, რომ ნებისმიერი საგნის განვითარებას, იქნება ეს კერძო ბიზნესი თუ მედიცინის რომელიმე დარგი, ბუნებრივია, რომ სჭირდება დეტალური აღნუსხვა იმისა თუ საიდან მოვდივართ და ამჟამად სად ვართ. არც ქვეყნის განვითარებაა გამორჩეული. ერთ-ერთი გამოსვლის დროს, ძველმა რომაელმა ორატორმა, ციცერონმა წარმოთქვა: „არ იცოდე თუ რა მოხდა მანამ, სანამ დაიბადებოდი ნიშნავს, რომ სამუდამოდ დარჩე ბავშვად“. ისტორიის მნიშვნელობის სრულად უარყოფით, შენ ასევე ხაზს უსვამ ყველაფერ იმას, რაც შენამდე გაკეთებულა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც შენამდე უცხოვრია და ვისაც აქამდე მოუყვანიხარ. ისტორია გკარნახობს საფრთხეებს, გირჩევს მოკავშირეებსა და იარაღს და გულმოდგინედ გამზადებს მომავლისთვის.


ინდირა განდის ერთხელ უთქვამს: „ისტორია საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით“. შესაძლოა ისტორიაში ზუსტად ვერ ამოიკითხო ის თუ რა უნდა გააკეთო, მაგრამ ის საუკეთესოდ გვასწავლის იმას, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მოკავშირეთა დიდი ძალისხმევით, დამარცხებული გერმანია გამოუვალ ფინანსურ თუ პოლიტიკურ სიტუაციაში ჩავარდა. მოწინააღმდეგის სასტიკად დასჯითა და დამცირებით, ისინი ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ მასთან დაპირისპირება მომავალში. თუმცა გეგმამ საპირისპირო შედეგი გამოიღო, მთელი გერმანია რევანშისტულმა სიბრაზემ მოიცვა, რაც გაცილებით უფრო მძლავრი იარაღი აღმოჩნდა მისი წარმმართველი ნაცისტური პარტიისათვის. ამ  ქმედებებმა მეორე მსოფლიო ომამდე მისასვლელი გზა დააგეს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის განმეორება ბევრს გარდაუვლად მიაჩნია, ფაქტია რომ მოკავშირე ძალებმა მართლაც ისწავლეს საკუთარ შეცდომებზე და სრულიად  საპირისპირო პოლიტიკას მიჰყვეს ხელი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. ამის ნათელი დასტურია ის, რომ დღეს იაპონია, გერმანია და იტალია წარმატებული და წამყვანი სახელმწიფოებია.


საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს მსოფლმხედველობა რადიკალურად შეიცვალა. შეუძლებელია, რომ თანამედროვე ადამიანი ისევე აღიქვამდეს გარემოს, როგორც ძველი რომაელი. რამ გამოიწვია ეს? რატომ არის ცუდი მონობა ან რა არის ცუდი უკლასო, თანასწორ საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი საერთო საკუთრებაში იქნება? ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხის გაცემაც ჩვენ, საუკუნეების წინ მცხოვრები ადამიანებისგან განსხვავებით, უკვე შეგვიძლია.


დატოვეთ კომენტარი