იტვირთება

მასმედია დღეს

ქართული - ესეები

ნახვები:

2035

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

„1000 ხიშტზე მეტად 4 გაზეთის მეშინია“ - ნაპოლეონ I

ნაპოლეონის ეს სიტყვა ნათლად ასახავს მედიის მნიშვნელობასა და ძალას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და მის წარმართვაში, თანაც იმ ფონზე რომ კორსიკელი იმპერატორი თავისი ტრიუმფალური მმართველობის პერიოდში ნამდვილად არ განიცდიდა პოპულარობის ნაკლებობას. მართალია დღესდღეისობით რევოლუციური ფუნქციის ნაწილი სოციალურმა ქსელმა გადაიბარა, თუმცა ტელევიზია და ბეჭდვითი მედია კვლავ მძლავრ იარაღს წარმოადგენენ ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

უტოპიურ მედიას ორი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გააჩნია: საინფორმაციო და ანალიტიკური. ანუ ის მსმენელსა თუ მკითხველს აწვდის ინფორმაციას და ისინი თავად აანალიზებენ მას. მაშინ კი თუ მათ, როგორც ერკიულ პუარო იტყოდა, ამისათვის არ ჰყოფნით ნაცრისფერი უჯრედები, მედია თავად წაეხმარება ხოლმე ინფორმაციის განსჯაში. 

თანამედროვე მედიამ, იქნება ეს სატელევიზიო, სოციალური თუ ბეჭდვითი, საერთო ჯამში უზრუნველჰყო საინფორმაციო ვაკუუმის ჩამოშლა. სწორედ მათი გავლენის შედეგია, რომ თუ ბედმა ზურგი არ გაქციათ და ჩრდ. კორეაში ცხოვრება არ გარგუნათ, ინფორმაციის მიღება თქვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მეორე საკითხია თუ რამდენად ზუსტი და სანდოა ის, ღირს თუ არა მისი სერიოზულად აღქმა. პოლიტიკური თუ სხვა ნებისმიერი სახის გაერთიანებები აქტიურად და საკმაოდ წარმატებულადაც იყენებენ მედიას საკუთარი რეკლამირებისთვის, ან პირიქით მოწინააღმდეგის დისკრედიტაციისთვის. ერთ კარგად მომზადებულ გადაცემას, საგაზეთო სტატიას ან ბლოგს შეუძლია ეშმაკისაგან ანგელოზი შექმნას ან ანგელოზს ფრთები შეუკვეცოს. საიდუმლო ნამდვილად არ არის, რომ საზოგადოებრივ მეხსიერებას საკმაოდ ხშირად აქვს ამნეზია. ადამიანის გონება მიმნდობია, მას მარტივად შეუძლია დაიჯეროს ის, რისი დაჯერებაც უნდა.

ქართული მედია გასაჭირშია. უმთავრესი პრობლემა, რა თქმა უნდა, მის თავისუფლებაშია. ახლო წარსულში ქვეყნის სამაუწყებლო ორგანიზაციები ორ პოლუსზე იყო გადანაწილებული და ფაქტიურად ყველანაირი ფუნქცია ჰქონდა დაკარგული. ნაცვლად იმისა, რომ სწორი ინფორმაცია მიეღოთ, ხალხი თავად ირჩევდა იმ ამბავს, რომლის მოსმენა და დაჯერებაც სურდა. კარგი ამბავი სიმართლეა, ცუდი კი ფალსიფიკაცია და ცილისწამება. ,,მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი სხვა საბუთით დაურღვიე ჩვენს დარღვეულს ქართველობას?!“ ქვეყანაში დაწყებული ცვლილებების მიუხედავად გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში რთულად წარმოსადგენია შეიქმნას ობიექტური თვალთახედვის მედია, რომელიც სუბიექტურ დასკვნებს გამოიტანს მიმდინარე მოვლენებიდან. მეორე საკითხია თუ რამდენად მზადაა ასეთის მისაღებად ქართველი ხალხი, რადგან მას შემდეგ რაც მას ერთი გადაცემა აამებს, საპირისპიროს მოსმენაც უნდა შეეძლოს. ეს უკანასკნელი კი გულზე სულაც არ გვეხატება.


დატოვეთ კომენტარი