იტვირთება

შეიძლება თუ არა კონფლიქტების მოგვარება ომის გარაშე

ქართული - ესეები

ნახვები:

3856

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

ერთ-ერთი შვეიცარიელი ისტორიკოსის კვლევის თანახმად, კაცობრიობამ ჩაწერილი ისტორიის მანძილზე ჯამში სულ რამდენიმე ათეული წელიწადი გაატარა სამხედრო დაპირისპირების გარეშე. სხვადასხვა დროის სახელმწიფოთა მეფეებსა და იმპერატორებს იშვიათად თუ ელეოდათ საომარი მოქმედებების წამოწყების მიზეზი თუ საბაბი. დრო გავიდა, ცივილიზაცია განვითარდა, გაძლიერდა პაციფისტური შეხედულებებიც, თუმცა ხშირად კონფლიქტების გადაჭრისკენ გზა მაინც ომზე გადის. ნუთუ შეუძლებელია უთანხმოებათა მოგვარებისთვის უფრო ცივილური ასპარეზის შექმნა?

დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკური რეალობა ამ მხრივ, ცოტა არ იყოს, დუალისტურია. საერთაშორისო ორგანიზაციები ომს ყოვლად მიუღებლად მიიჩნევენ და სწამთ, რომ დიალოგით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. თუმცა ეს ყოველთვის მართალი როდია. როგორც ბრიტანელი მწერალი ჯორჯ მარტინი თავის რომანში „ტახტების თამაში“ წერს, საუკეთესო შეთანხმება ისაა, რომელსაც ორივე მხარე ოდნავ იმედგაცრუებული ტოვებს. შესაბამისად, ურთულესია ამგვარ კომპრომისამდე მიღწევა და შემდეგ მისი ხანგრძლივი შენარჩუნება. კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება სიტუაცია, თუ მხარეები ტერიტორიის კუთვნილებაზე ვერ თანხმდებიან. ეს გლობალური პრობლემა უკვე ნათლად აისახა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაზე, კერძოდ ე. წ. „გაყინული კონფლიქტების“ სახით. სწორედ ასე მოიხსენიებენ იმ უთანხმოებებს, რომლის მოგვარების მცდელობებიც ჩიხში შევიდა და იქიდან გამოსავალი ჯერ-ჯერობით ძალიან ბუნდოვანია. ერთი სიტყვით, ხდება ხანძრის ლოკალიზება, მის ჩაქრობაზე კი საუბარიც კი ზედმეტია. ამის ნათელი მაგალითი, რა თქმა უნდა, საქართველოსა და კიდევ რამდენიმე პოსტ-საბჭოთა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული დე ფაქტო სახელმწიფოებია.

ჯონ კენედის უთქვამს: „ან კაცობრიობა მოუღებს ბოლოს ომს ან ომი კაცობრიობას“. ამ ცალსახა ჭეშმარიტების უნივერსალურად, გლობალურად აღიარების მიუხედავად, როცა საქმე რელიგიურ, კულტურულ ან ტერიტორიულ ინტერესთა დავაზე მივა ხოლმე, მსოფლიოს ხალხები იარაღის ხელში აღებას არ ერიდებიან. ცივი ომის დასრულების შემდეგაც კი, მსოფლიომ მრავალი სამხედრო დაპირისპირება იხილა, რომ არაფერი ვთქვათ ტერორიზმსა და სისხლიან რევოლუციებზე. არ უნდა დავივიწყოთ ისეთი ქვეყნების ურთიერთობები, როგორიცაა ეგვიპტე და ისრაელი, ინდოეთი და პაკისტანი ან თუნდაც აშშ და რუსეთი. მათ შორის მიღწეულ შეთანხმებებს ,,ცივი ომის“ მიბაძვით ხშირად ,,ცივ მშვიდობას“ უწოდებენ, რომელმაც თავისი მშვიდობიანი ხასიათი ყოველ წამს შეიძლება დაკარგოს.

XXI საუკუნეს მოღწეულ სახელმწიფოთა უმეტესობას მრავალი ომი აქვს გამოვლილი და იქ ჩამოყალიბებულია ე. წ. მებრძოლი კულტურა ანუ კულტურა იმ ხალხისა, რომელიც ერთი გოჯი მიწის დათმობასაც არ აპირებს. ამ ფონზე ტერიტორიული დავა სცდება უბრალოდ სახელმწიფო ინტერესებს და ეროვნული თავმოყვარეობის საკითხი ხდება, რისი გადაწყვეტაც მოლაპარაკებების მაგიდასთან შეუძლებელია.


დატოვეთ კომენტარი