იტვირთება

იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ზემოთხსენებული თემის შესახებ, საჭიროდ ჩავთვალე ორიოდე სიტყვით მიმოვიხილო რომანტიზმის თავისებურებანი.

არსებობს რომანტიზმის ორი სახეობა: პროგრესული და რეგრესული (პასიური). რეგრესული რომანტიზმი გვიხატავს არსებული სინამდვილით უკმაყოფილო საზოგადოების მისწრაფებებსა და შეხედულებებს. უკმაყოფილოა რა აწმყოთი, მისტირის მომაკვდავი საზოგადოების იდეოლოგიას, ოცნებობს მხოლოდ ძველის დაბრუნებაზე. პროგრესული – უარყოფითადაა განწყობილი აწმყოსადმი, ბრძოლას უცხადებს მას, ოცნებობს და იღწვის უკეთესი მომავლისათვის.

ალ. ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთერთი წარმომადგენელია, მის კალამს ეკუთვნის უმშვენიერესი ლექსი „გოგჩა“.

ნაწარმოების პირველივე სტროფებიდან თავს იჩენს რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანი, კერძოდ, ბუნების სურათის აღწერა. პოეტი თვალნათლივ გვიხატავს ბუნების უმშვენიერეს ქმნილებას, აქაფებულ, ზღვისებრ მღელვარე, ზოგჯერაც წმინდა და აუმღვრეველ გოგჩის ტბას.

გოგჩის ტბა ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებაში არის ხატება მარადიული, ფერუცვლელი დედაბუნებისა, რომელიც მხნედ ებრძვის ჟამთა ცვალებადობას.

„გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი,
ოდესმე ზვირთთა აღქაფებით ღელავს მრისხანედ;
ზოგჯერ, ვით ბროლი გულუბრყვილო, წმინდა, უძრავი,
თვის შორის ხატავს ცისა საჟვარდს და მთათა მწვანეთ.“

შემდეგ სტრიქონებში მკაფიოდ იგრძნობა პატრიოტი პოეტის აშკარა გულისტკივილი. საუკუნეების მანძილზე ქართველ ვაჟკაცთა დაღვრილი სისხლით, ფასდაუდებელი შრომითა და მტკიცე რწმენით აშენებული ქვეყანა დღეს „ვხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა“

აწმყოთი შეძრწუნებული პოეტის მჭმუნვარე განწყობა ამოიკითხება უსაზღვრო სევდით გაჟღენთილ სტრიქონებში.

„მაგრამ ნაქცევნი, მისთა კიდეთ ძაძით მმოსველნი
საგლოვო ნიშნი შენობათა კვლვ ეროვანთა,
სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი ვრცელნი
და სად დღეს ვხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა.“

პოეტი ნათლად გვიხატავს, თუ როგორ იქცა ერთდროს დიდებული ქალაქი,მხეცთა თავშესაფრად  და გულისტკივილით აღმოხდება:

„აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი.
აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო,
აჰა, ჩვენისაც მომავლისაც ნამდვილი ხატი;
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ ხედვავ ძმობილო!“

ვკითხულობთ ლექსს და ვრწმუნდებით, რომ რომანტიკოსი პოეტი შენაჰტრის იმ ნეტარ დღეებს, როცა თვალს იტაცებდა „ტაიჭთა სრბოლა“, ჩოგნით ტაცება, შუბთა ტრციალი და ისართ სროლა.

ალ. წავჭავაძე გულის გამგმირავ ტკივილს განიცდის იმის გამო, რომ ქართველების სიმდიდრე, მათი ვაჟკაცობა და გამჭრიახობა დღეს უკვე არარად ქცეულა და „მათნი ყოველნი წარშლილან კვალნი.“ რა არის ამ უბედურების მიზეზი? შური, მტრობა და სიხარბე.

„აქაც უღრღნიათ შურსა, მტრობას გულები ხარბად,
ტრფიალნი აქაც შემსჭვალვიან კვლავ ერთმანეთთა.“

როგორც ვხედავთ, ნაწარმოებში ავტორი გვიხატავს ბუნების სურათებს, გამოხატავს აწმყოთი უკმაყოფილებას და მისტირის დიად წარსულს, რაც გვაძლეს იმის თქმის უფლებას, რომ „გოგჩა“ არის რომანტიკული ლექსი.

თემის ავტორი: რომან ჩაჩავა


დატოვეთ კომენტარი