იტვირთება

სევანის ვრცელი ტბა ხმოვანებით ზღვებსაც უტოლდება. ზოგჯერ მისი ტალღები მრისხანედ ღელავენ, ზოგჯერ კი ის ისე უძრავი და წმინდაა, რომ ცის ლაჟვარდსა და მწვანე მთებსაც ირეკლავს. მაგრამ მის ნაპირებს, სადაც ერთ დროს დიდებული ქალაქები იყო გაშენებული, ახლა ამშვენებს დიად შენობათა ნანგრევები და არემარე ბუთა თავშესაფრადაა გადაქცეული. მდუმარე, ჩამკვდარი ადგილი იმდენად ტრაგიკულია, რომ ვერც მნახველებს ტოვებს გულგრილად, თავის დარდს უზიარებს და ისინიც სევდით ივსებიან დიდებულთა დარბაზების ნანგრევებისა და ქალაქების სასტიკი ხვედრის შემყურე. ნანგრევი, სადაც ძველად მეფენიც კი მუხლს იდრეკდნენ, მორწმუნენი ლოცულობდნენ და  ზეცას თავიანთი ფსალმუნების ხმას  აწვდენდნენ, დღეს ტაძრად ძლივსღა შეიცნობოდა. ახლა კი იქ მხოლოდ პირუტყვები თუ დაიჩოქავენ, სხვა დროს კი ნადირთა, მხეცთა და გამვლელთა თავშესაფარი ხდება, რომლებიც თავიანთ საქონელს შეაფარებენ ხოლმე. 

ეს ოთხკუთხედი ქვათა გროვა კი ძველი სავაჭრო ცენტრის ადგილასაა. სომხები ხომ ფულის მოგების ხელოვანნი არიან და ქვეყნიერებისთვის ამ საქმით ოდითგანვე განთქმული. მაშინ მათ შორის ბევრი არა მარტო მდიდარი, არამედ სანდოც ყოფილა, ახლა კი მათი ნიჭისგან ყველა კვალი წაიშალა.

ანდა ამ ვრცელ ვაკეს მიხედე, სადაც ადრე ჰქონიათ ცხენებით რბოლა, ჩოგნით თამაში შუბით ვარჯიში, ჯოხის ტყორფნა და ისრების სროლა. ეს დაფანტული შავი ქვებიც ერთ დროს გაერთიანებული იყო და მატი ბედნიერი და კმაყოფილი მფლობელებიც მათ შიგნით ერთობოდნენ და ისვენებდნენ. აქაც მდგარა ტახტი, საიდანაც მეფე ხალხს წყალობითა და რისხვით მართავდა. 

რამდენი მშვენიერი ახალგაზრდა ქალბატონი მიუზიდავს ტბას თავისი ნაპირებისკენ და რამდენჯერ აურეკლავს ტბას მათი პირი-სახე, იმდენად მშვენირი რომ მთვარესაც შეშურდებოდა. მაგრამ რა?!. ყველაფრის წამშლელმა დრომ ციური სილამაზეც მარტივად გაანადგურა.


დატოვეთ კომენტარი