იტვირთება

გოგჩა, იგივე სევანის ტბა ხმოვანებით ზღვებს ბაძავს. მისი ტალღები ხან ხმაურიანად ღელავენ, ხან კი უძრავია და ცასა და მთების სიმწვანეს ირეკლავს. მაგრამ მის ნაპირებზე დგას დანგრეული შენობები, ძველი დიდებული ქალაქებისგან შემორჩენილი ნაშთი, სადაც დღეს ბუებსა და ნასახლარს დაინახავთ. ის თავის გასაჭირს მნახველებსაც უზიარებს და ეს უდაბური, ჩუმი ადგილი მათ ასევდიანებთ. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ნახონ დიდებულთა პალატების დანგრეული ნარჩენები და ჩინებული ქალაქების ხვედრი.

ამ შენობაში ძლივსღა ამოიცნობ ყოფილ ტაძარს, სადაც ადრე მეფენიც მოწიწებით იდრეკდნენ მუხლს, მორწმუნენი წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ და სადაც ფსალმუნები იგალობებოდა. დღეს კი მისი ნანგრევი მხოლოდ პირუტყვთა მაჩრდილობლად გამოდგება, ზოგჯერ კი ნადირი, მხეცი ან გამვლელი თუ შეეფარება. 

ამ სახეშეცვლილ ქვათა გროვაზე ადრე დიდი ვაჟრობა იმართებოდა. მოგებაში დახელოვნებული სომხები ცნობილნი იყვნენ ამ საქმით. მაშინ მათ შორის მრავლად იყო მდიდარი, არა მარტო ვერცხლით არამედ ნდობითაც. ახლა მათგან არაფერია დარჩენილი. ვრცელ ვაკეზე ადრე იმართებოდა ასპარეზობანი: დოღი, ჩოგნით ბურთის თამაში, შუბის ტრიალი, ჯოხის ტყორცნა და ისრების სროლა. ეს დახავსული ქვებიც ადრე ბედნიერი და კმაყოფილი ხალხის სახლ-კარი იყო.

აქაურობას მეფე ტახტიდან ამაყად განაგებდა. ის თავის ერს წყალობითა და რისხვით ასულდგმულებდა. მრავალი ახალგაზრდა მშვენიერი ბანოვანი დასეირნობდა ტბის სანაპიროზე და მათ ლამაზ ნაკვთებს წყალი სარკესავით ირეკლავდა. მათი სილამაზის წინ თავმომწონე მთვარეც კი ქედს იხრიდა. მაგრამ დრომ ეს ციურთ მჯობი მშვენებაც ერთი ხელის მოსმით მოსპო.


დატოვეთ კომენტარი