იტვირთება

დრო სიკვდილია. სიკვდილი, რომელიც მარადიულობას აცლის დასაყრდენ ბურჯს და ნებისმიერი ქმნილების კვდომას გარდაუვლად აქცევს. დიადი ქალაქი ეცემა, დიადი მეფე კვდება და რჩება მხოლოდ დრო, მზად კიდევ უფრო მეტის მოსასრავად. სწორედ დროს, როგორც ყველაფრის წარმწყმედ ძალას, გვიხატავს ალექსანდრე ჭავჭავაძე თავის ლექსში „გოგჩა“.

დროის ამგვარი მოულოდნელობა და განურჩევლობა უბიძგებს რომანტიკოს პოეტს ეჭვის თვალით, შიშით, ფაქტიურად პესიმიზმით უყუროს მომავალს და სწორედ ამას შესახებ აფრთხილებს იგი მკითხველს:

„აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი;
მხოლოდ აწმყოზე რად დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!..“

თავისი სათქმელის ნათელსაყოფად, ჭავჭავაძემ მრავალი მაგალითი მოიყვანა, მათ შორის, გოგჩის ტბის ნაპირებზე განლაგებული ნაქალაქარისა და მისი ერთ დროს ძლევამოსილი მეფეების ბედი. დროის ულმობლობას აბრალებს ავტორი იმ ფაქტს, რომ მათი მემკვიდრეობიდან არაფერი დარჩა და მათი ნაკვალევი ფაქტობრივად აღიგავა პირისაგან მიწისა. ავტორის მთავარი მიზანია, მკითხველ მოუწოდოს სიფრთხილისაკენ, მომავლის ღირსეულად შეხვედრისა და რაც მთავარია, გამკლავებისკენ.

პოეტი ლექსის მგლოვიარე, მელანქოლიური განწყობის შესაქმნელად გვიხატავს ქალაქის ნანგრევებს თავისი სიჩუმითა და არარაობით, რომელიც დროის ძალით უკვე ბუნებას შერწყმია. სწორედ ბუნების აღწერაა ის მთავარი მხატვრული საშუალება, რითიც ავტორი ახერხებს სათქმელის გადმოცემას. იგი იყენებს გაპიროვნებას, სულ ჰბერავს რა ტბასა და მასთან მდებარე ნანგრევებს, რომლებიც, თავის მხრივ, აცოცხლებენ მის გრძნობებსა და ფიქრებს. მაგალითად, სანაპიროს შემხედვარე ვრცელი ტბა მრისხანედ ღელავს, დადარდიანებული ნანგრევები კი თავიანთ გასაჭირზე მნახველთ ეჩურჩულებიან. ეს შექმნილი პეიზაჟი, თავის მხრივ, ალეგორიაა იმ მდგომარეობისა, რომელშიც, პოეტის აზრით, მისი საზოგადოება იმყოფება.

სხვადასხვა ადამიანისთვის დრო შესაძლოა ნახევრად სავსე ჭიქაც იყოს და ნახევრად ცარიელიც. ოპტიმისტს თუ კითხავთ, გიპასუხებთ, რომ დრო ყველაფრის წამალია, პესიმისტი კი უფრო შორს, ჰორიზონტს მიღმა გახედვას გადაწყვეტს და დაინახავს, რომ ნებისმიერი ქმნილების წარმავლობა დროის ამბავია. მე, როგორც ყოველთვის, შევეცდები რეალისტი ვიყო. გამომდინარე იქიდან, რომ სიკვდილი მელანქოლიის არათუ საჭიროებას, საშუალებასაც კი არ გვიტოვებს, ყველაფრის წარმავლობა ჩემთვის არაფერია, გარდა ობიექტური რეალობისა. არსებობს სხვა ნაკვალევიც, რომელსაც დრო ასე მარტივად ვერ უმკლავდება, ის ნაკვალევი, რომლის დატოვებაც ყველა ადამიანის ოცნებაა, იქნება ეს ბელადის ფეხის ანაბეჭდი „იგიდან“, უბრალო ქანდაკება ბრედბერის „ფარენჰეიტი 451-დან“ თუ იმ ძველი ბერძენის სახელი, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ დროის დასამარცხებლად გადაწვა არტემისის ტაძარი, ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი საოცრება.


დატოვეთ კომენტარი