იტვირთება

ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიკოსი პოეტია. ის თავის ფილოსოფიურ ხასიათის ლექსში „ფიქრნი მტკვრის პირას“ ცხოვრების ამაოებაზე და ადამიანთა მრავალმხრივ ნაკლოვანებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მათ ცხოვრების საზრისის ძიებაში უშლის ხელს. პოეტს ჩვეული განცდები მტკვრის ნაცნობ სანაპიროზე ჩაფიქრებულს ეწვევა. მტკვარი მისთვის წარსულის, აწმყოსა და მომავლის დამაკავშირებელი ჯაჭვია და ერთდროულად წუთისოფლის წარმავლობისა და მარადიულობის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც საუკუნეების განმავლობას შეესწრო მრავალი ადამიანის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზას, მათ სიხარულს, სევდას. ცხოვრებას, რომელიც ამ გადმოსახედიდან ისევე, სწრაფად და უაზროდ მთავრდება, როგორც იწყება. ამ ყველაფერს პოეტი კვლავდაკვლავ მიჰყავს იმ მარადიულ კითხვამდე, რომელიც დედამიწის ზურგზე მცხოვრებ არცერთ ადამიანს არ აძლევს მოსვენებას. „მაინც რა არის ჩვენი ყოფა, წუთისოფელი?“ პასუხის ძიებაში, ბარათაშვილს ადამიანი ესახება, როგორც შეუვსებელი ჭურჭელი. „საწყაული აღუვსებელი“ დაუკმაყოფილებელ ადამიანს გამოხატავს, უფრო სწორად დაუკმაყოფილებელ კაცობრიობას, რადგან  მისი აზრით ძალიან ძნელი, შეუძლებელიც კია ისეთი სულიერის პოვნა, რომელიც არ შეიქნებოდა საკუთარი სურვილების მსხვერპლი და შეძლებდა სურვილების, მისწრაფებების გაკონტროლებას. ამგვარი ხვედრი ბედმა ყველა ჩვენგანს გვარგუნა. კმაყოფილება და გულწრფელი მადლიერები იშვიათად თუ მოიძებნება ჩვენს შორის. 

ამგვარ ადამიანებში ერთიანდებიან უძლეველი მეფენიც, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ წუთისოფელს მართავენ, კიდევ და კიდევ უფრო მეტს მოითხოვენ მისგან და ამჟღავნებენ სუსტი ადამიანისთვის დამახასიათებელ თვისებებს – მომხვეჭელობას, სიხარბეს. ამავდროულად არსებობენ წუთისოფლის რჩეულნიც, რომლებიც თავის დროსა და ენერგიას თავისი შვილების და მამულის საკეთილდღეოდ ხარჯავენ. მათი სახით ბარათაშვილი ცხოვრების ორ მკვეთრად განსხვავებულ გზას წარმოადგენს. წუთისოფლის წარმავლობა არ უნდა იქცეს პესიმიზმის საბაბად, ადამიანის მოვალეობა და მისი ცხოვრებისეული საზრისი მისგან ღირსეულ არსებობას მოითხოვს.


დატოვეთ კომენტარი