იტვირთება

ევროპული ღირებულებები

ქართული - ესეები

ნახვები:

2021

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

555 წელს ეგრისში, მას შემდეგ რაც ბიზანტიელმა სარდლებმა გუბაზ II მუხანათურად მოკლეს, ეგრისში სახალხო კრება შეიკრიბა, რომ გადაეწყვიტათ ეგრისი სპარსელებს უნდა მიმხრობოდა თუ ბიზანტიას. საბოლოოდ ერთ-ერთი ეგრისელი დიდებულის, ფარტაზის ინიციატივით, ეგრისი კვლავ ბიზანტიის მხარეს დარჩა, რადგან ბერძნები ქართველთა ერთმორწმუნე ხალხი იყო. როდესაც ამ ამბის შესახებ პირველად წავიკითხე, ამგვარი დაურღვეველი საბუთის ჭეშმარიტებაში ეჭვიც არ შემპარვია. თუმცა უცნაურია, რომ დღეს ერთმორწმუნე რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანის გაკეთებისას ქართველი წამითაც არ დააყოვნებს ამ უკანასკნელის მხარეს მიმხრობას. როგორც ჩანს ქართველთა პოლიტიკური და კულტურული ორიენტაცია და ე.წ. „ევროპული არჩევანი“ სულაც არ ყოფილა მხოლოდ რელიგიაზე დამყარებული, სინამდვილეში დასავლურ სამყაროს მიმზიდველს სწორედ ის ხდის, რასაც დღეს უკვე ჩვენ ევროპულ ღირებულებებს ვეძახით.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს ღირებულებები არ წარმოადგენს მსოფლიო ომების შემდეგ საგანგებოდ შეთითხნილ თეორიულად უტოპიური სამყაროსაკენ მიმავალ გზას, არამედ ღირებულებათა ამ სისტემას მყარად აქვს ფესვები გადგმული მსოფლიო ისტორიაში. პირველ რიგში ის ძველ ბერძნულსა და რომაულ კულტურასა და საზოგადოებრივ წყობას ეფუძნება, საუკუნეების მანძილზე კი ცვლილებებს განიცდიდა ისეთი მოვლენების გავლენით, როგორიცაა ქრისტიანობის გავრცელება, რენესანსი, საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია და სხვ. რატომ სისტემა? ეს სიტყვა სულაც არ არის შემთხვევით შერჩეული, რადგან ევროპული ღირებულებები ერთმანეთზე გადაჯაჭვულ იდეალთა ნაკრებია, რომელთათვის ერთმანეთის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სისტემის წამყვან ელემენტად კვლავ პოლიტიკური სისტემა რჩება, რომლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებიც ანტიკურ დემოკრატიაზე დაფუძნებული ინსტიტუტები და მონტესკიესეული ძალაუფლების სამად დაყოფის პრინციპია. უმნიშვნელოვანესია აგრეთვე პოლიტიკური პლურალიზმისა და პოლიტიკური ასპარეზის საჯაროობის ცნებებიც.

კიდევ ერთი სფერო, რომელიც ჯერ კიდევ ახლოს დგას ანტიკურ რომთან არის სამართალი, კანონის უზენაესობისა და კანონმორჩილების იდეა. რა თქმა უნდა იმის ფიქრი, რომ რომი სამართლიანი სახელმწიფოს ეტალონს წარმოადგენდა აბსურდულიც კია. კიდევ მრავალი საუკუნე გახდა საჭირო იმ დროს გაბატონებული მონობისა და საზოგადოებრივი კლასების უთანასწორობის დასარღვევად, სანამ XVIII-XIX საუკუნეები ერთმანეთის მიყოლებით ჯერ ფრანგულ ადამიანის უფლებათა დეკლარაციას იხილავდა და შემდეგ ბრიტანეთში მონობის გაუქმებას. 

მაგრამ, ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იმის იმედიც ნუ გვექნება, რომ სისტემა მხოლოდ ზემოთ მოაგვარებს საქმეებს და ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრას ვერ გაბედავს. ამ მისიას მთელი თავისი სირთულით ისეთი უწყინარი ცნებები ასრულებს, როგორიცაა ლიბერალიზმი და ტოლერანტობა. მართალია ქართველები ტოლერანტ საზოგადოებად ყოფნას ისედაც ვიკვეხნით, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგება ქართულსა და ევროპულ კულტურაში ტოლერანტობის აღქმა მკაფიოდ  განსხვავდება და ერთიანი საზღვრის დადება პრობლემატური ხდება.

ქართული გეოპოლიტიკური მდგომარეობა რიგ უპირატესობებთან ერთად, ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობასაც აძლევს ერს, უფრო სწორედ მისი თვითგამორკვევის პროცესს. ჩვენთვის არ არსებობს წინასწარ გადადგმული ნაბიჯები და უალტერნატივო გადაწყვეტილებები. ერთ ქართველს ისეთივე სიამაყითა და დამაჯერებლობით  შეუძლია განაცხადოს, რომ ის არის ქართველი და მაშასადამე ევროპელი, როგორც მეორე ქართველ აზიელობას დაიჩემებდა. კითხვა სხვაა, გვინდა კი ევროპა? პასუხიც მარტივია, რატომაც არა?


დატოვეთ კომენტარი