იტვირთება

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „სულო ბოროტო“ პოეტის ადრეული ნაწარმოების „ხმა იდმალის“ გამოძახილია. ეს იდუმალი ხმა, რომლის წარმომავლობასა და დანიშნულებაში თავად პოეტიც არაა ბოლომდე გარკვეული, მას მოსვენებას არ აძლევს და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის ძიებისაკენ მოუწოდებს. ლექსში ვკითხულობთ:

„ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი
ვინძლო იპოვო შენი საშვენი!“

ძნელი სათქმელია თუ რა დამანგრეველი შედეგი შეიძლება გამოეწვია ისეთ უმტკივნეულო შეგონებას, როგორიც ზემოთ ხსენებულია. თუმცა ფაქტია, რომ სულ ცოტა ხანში ბარათაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ის სწორედ ბოროტი სულის მსხვერპლი შეიქნა. ლექსში პოეტი ბოროტ სულს ცდუნებასა და შეცდენაში ადანაშაულებს, ასე რომ უნდა ვივარაუდოთ რომ თავდაპირველად მან მისი ნდობა დაიმსახურა. საკუთარი მინდობობითა და დაპირებული თავისუფლებისკენ წადილმა ბარათაშვილი სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო.

„წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა
ბრმად მივანდობდი, ვუმსხვერპლიდი ჩემთ გულისთქმათა“

პოეტი პირველ რიგში სულიერი მშვიდობის დაკარგვის გამო მოთქვამს. მისთვის უკვე შეუძლებელია სამყარო აღიქვას ახალგაზრდული მიმნდობი „სარწმუნოებით“. ამ ეპიზოდში ბარათაშვილი იმეორებს საკუთარ სათქმელს „ხმა იდუმალიდან“, ამბობს რა, რომ სწორედ წუთისოფლის ნამდვილი ფერების შეცნობამ ჩააგდო ის გაურკვევლობაში.

და ბოლოს რამდენად რთულიც არ უნდა იყოს წარსული შეცდომების უგულვებელყოფით ცხოვრების გაგრძელება, ადამიანის ცხოვრების წესი მაინც მის გადაწყვეტილებასა და თავისი შეცდომების განცდაზეა დამოკიდებული. ლექსის ბოლოს ბარათაშვილი განდევნის ბოროტ სულს თავისი გულისთქმებიდან, რაც მის ბოროტ სულზე გამარჯვებას აღნიშნავს. ამიტომ ამ ორი ლექსით გადმოცემულ პოეტის გრძნობებს ტრაგედიას ნამდვილად ვერ ვუწოდებ.  


დატოვეთ კომენტარი