იტვირთება

ალექსანდრე ჭავჭავაძე XIX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა, მის შემოქმედებაში არ არის უცხო ისეთი თემები, როგორიცაა სამშობლოს ერთგულება, აწმყოთი უკმაყოფილება და ა. შ. აქედან გამომდინარე ის ქართული რომანტიზმის ფუძემდებლად მიიჩნევა, თუმცა ამ თემაზე სულაც არ არსებობს კონსენსუსი. ვახტანგ კოტეტიშვილის აზრით ალექსანდრე ჭავჭავაძე ჭეშმარიტი რომანტიკოსია, რადგან ის გრძნობებს გონებაზე წინ აყენებს, გურამ ასათიანი კი ფიქრობდა, რომ მისი შემოქმედება უფრო კონსერვატული იყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით მე ცალსახად ვახტანგ კოტეტიშვილის აზრს ვიზიარებ. მან არგუმენტად შემდეგი სტროფი მოიყვანა:

გონება ესრეთ ჰშთასძახის ხმითა მრისხანეთ მყარითა:
ნუ ჰღუპავ თავსა, ნუ ჰღუპავ მაგა სენითა მწარითა!
ხოლო გული კი ესრეთ ჰხმობს ლმობითა სიტყვა წყნარითა:
შენ მას ნუ უსმენ, იხარე სიყვარულითა მტკბარითა!

ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ჭავჭავაძე უარჰყოფს პრაგმატულ აზროვნებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა სიყვარული. მისი აზრით გონების ფაქტორი მნიშვნელობას კარგავს, მაშინ როდესაც გრძნობები გაუთავებლად მიგითეთებენ საპირისპირო მხარეს. ნათელია, რომ გონებასა და გულს შორის დაპირისპირებაში ჭავჭავაძე სწორედ ამ უკანასკნელს ანიჭებს უპირატესობას. ევროპული რომანტიზმის ამოსავალი წერტილიც სწორედ გონების უარყოფა ან ზოგ შემთხვევაში უკანა პლანზე გადაწევაა, რაც მას მნიშვნელოვნად განასხვავებს კონსერვატიზმისგან.

გურამ ასათიანი, მეორე მხრივ, მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე გულისა და გონების ჭიდილში გადამჭრელად გულისკენ არ იხრება და არჩევანს ცალსახად მასზე არ აკეთებს. მისი აზრით, პოეტი გულისა და გონების ჰარმონიულ თანამოქმედებას მიიჩნევს აუცილებლად. ძნელია ამ საკითხზე მას არ დაეთანხმო, თუმცა ჩემი აზრით გულისა და გონებისაგან ერთ-ერთის სრულად უარყოფა თავისთავად აბსურდულია, მათ შორის უპირატესობის მინიჭების შეფასება კი ძალიან სუბიექტურია და მისი განსაზღვრა ფაქტიურად შეუძლებელია.

ჩემი აზრით ალექსანდრე ჭავჭავაძის მთელი შემოქმედება ცხადყოფს, რომ იგი რომანტიზმის ძირითად ასპექტებს იზიარებს. მეორე მხრივ, შემოქმედების ან თუნდაც ნაწარმოებების ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნვა სხვადასხვა მიმდინარეობებისა თუ ჯგუფების სახით არც ისე მართებულია, მითუმეტეს თუ შემდეგ მოვითხოვთ რომ პოეტმა გლობალური მიმდინარეობის ყველა პოზიცია გაიზიაროს. საუკეთესო პოეტებს, როგორიც იყო ალექსანდრე ჭავჭავაძე, მიმდინარეობა კი არ კარნახობდა შემოქმედებას, არამედ მისი ნააზრევი და ფურცელზე აღბეჭდილი სიტყვები განაპირობებენ პირობითად მის ამა თუ იმ მიმდინარეობასთან ასოცირებას.


დატოვეთ კომენტარი